ევროპული საქართველოს წევრის ირმა ნადირაშვილი განცხადებით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა პატრიოტთა ალიანსი საპარლამენტო არჩევნებიდან მოიხსნას.
ნადირაშვილის თქმით, საკითხის განსახილველად 30 პარლამენტის წევრის თანხმობაა საჭირო და ოცი ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა უკვე არსებობს. ევროპული საქართველოს წევრმა მმართველი გუნდის წევრებს მიმართა, რომ დაამატონ დანარჩენი ხელმომწერები.
"პატრიოტთა ალიანსი აკეთებს იმას, რასაც კრემლი ავალებს. თუ ეს თქვენი შექმნილი პრობლემა არაა, ევროპული საქართველო დღეს ვაქვეყნებთ ინიციატივას, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმოწერებით და მოვითხოვოთ პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნა. ამისთვის 30 პარლამენტის წევრის ხელმოწერაა საკმარისი. ჩვენი 20 ხელმოწერა იქნება და მივმართავ უმრავლესობას - დაამატოს დანარჩენი ხელმოწერები. თუ ეს გუნდი თქვენი გაგრძელება არაა, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოხსნას ეს პოლიტიკური ჯგუფი არჩევნებიდან", - განაცხადა ნადირაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა შეიყვანა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში და სწორედ ქართული ოცნებაა პასუხისმგებელი, რომ საქართველოს პოლიტიკაში არსებობს ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ატარებს კრემლის ინტერესებს.
"გამოქვეყნდა დოკუმენტები და უბრალოდ, ტელევიზორს უნდა შეხედოთ და ნახოთ პუტინის ადმინისტრაციიდან როგორ ურჩევენ რაზე ისაუბრონ, როგორ არის მათთვის ფული გამოქვეყნებული", - განაცხადა ნადირაშვილმა.
რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია დოსიემ გამოძიების 2 ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებას და რუსულ კავშირებს ეხება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ პრორუსულ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაახლოებული პირები ეხმარებიან, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.
გამოძიების მეორე ნაწილში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ლაპარაკია პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტზე, საარჩევნო კლიპებსა და არჩევნებამდე დაგეგმილ აქტივობებზე.
ამავდროულად, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადება, რომელმაც "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთთან კავშირებისა და დაფინანსების გამოძიება მოითხოვა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს აუდიტის სამსახური ახორციელებს და ის უფლებამოსილია, შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება.
აუდიტის სამსახურმა ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით პატრიოტთა ალიანსს წერილი უკვე გაუგზავნა.
"დოსიეს" გამოძიების პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ
მეორე ნაწილი წაიკითხეთ აქ.